დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულომ დაამტკიცა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და მუნიციპალურ პროგრამებში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების შიდა მუხლობრივი გადანაცვლება მერიის რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე დაწესებული შეღავათების პროგრამებში. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კი დაკორექტირდა პარამეტრები, დაემატა წინა წლის ნაშთიდან ათვისებული თანხა –2 592.3 ათ ლარი და ჯამში ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილი 41 469.6 ათ. ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას. მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულ ორგანიზაციას, რომელიც სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფსიქო–სოციალურ, პედაგოგიურ, თერაპიულ მომსახურებას უზრუნველყოფს, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 33.56 კვ.მ ფართი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადაეცემა.
დღესვე, საკრებულომ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ქონებასა და მის განკარგვასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხიც, მათ შორის: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით (იჯარა) გასაცემი ობიექტების გეგმები, ასევე, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, სადაც თერთმეტი ობიექტი იყო წარმოდგენილი. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს რამდენიმე დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებასა და რამდენიმე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართისთვის იურიდიული მისამართის მინიჭებასაც.
რიგით მეცხრამეტე სხდომაზე, საკრებულომ განიხილა და შესაბამისი პროცედურების დაცვით დაამტკიცა დღის წესრიგით გათვლისწინებული ოცდათოთხმეტი საკითხი.