განცხადებები

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

  • 2016-01-14
Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინიცირების საფუძველზე,საკრებულომ ოცდამეთერთმეტე რიგგარეშე სხდომა გამართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გრანტის აღებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს. აღნიშნული გრანტი რუსთავის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის პროექტის – „სამოქალაქო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, პროექტით – „მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ მოიპოვა. მისი ღირებულება 416.665.00 ევროს, ხოლო მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობა თანხის 10 %–ს შეადგენს.
პროექტი,რომლის მიზანსაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების დამკვიდრება,ადგილობრივ ხელისუფლებას,არასამთავრობო სექტორსა და მოსახლეობას შორის დიალოგის ხელშეწყობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, ითვალისწინებს ორი ახალი შენობის აშენებას, სადაც სადემონსტრაციოდ შერჩეული სამი ტერიტორიული ერთეული ე.წ. „სერვის პლიუსს“ განახორციელებს, ასევე, საჯარო მოხელეთა გადამზადებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერებას, საბიუჯეტო დაგეგმარების პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფასა და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.
საკრებულომ თანხმობა განაცხადა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების „საქართველოს განვითარების ფონდისთვის“ სარგებლობის (ქირავნობის) უფლებით გადაცემაზეც.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარდგენამდე,დღეს,შესაბამისმა კომისიებმა და ბიურომ განიხილეს.