რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინიციატივით, უახლოეს მომავალში, კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ქალაქის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, არქიტექტორები და კოსტავას გამზირის მაცხოვრებლები დაესწრნენ. შეხვედრა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
პროექტი საზოგადოებას რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ წარუდგინა და რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
პროექტი კოსტავას გამზირის #1-დან #17-მდე და ფიროსმანის #3 და #5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მინათებების მოპირკეთებას ითვალისწინებს. დაზიანებული შენობები გამაგრდება არმირებული ბადეებით და გაილესება, დაზიანებული არქიტექტურული ორნამენტები ახლით შეიცვლება, კორპუსებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე და შეიღებება წყლისა და მტვრისგან დამცავი მაღალი ხარისხის საღებავით, შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები, შეიცვლება ყველა ძველი კარი, შეიღებება ხის ფანჯრები, მოეწყობა საცრემლეები და მარკიზები.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასევე შეიცვლება სანიაღვრე სისტემა, სადაც ჩაიდება გოფრირებული მილები მიმღები ჭებით. სავალ ნაწილზე დაიგება 18 სმ სისქის არმირებული ბეტონის საფარი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. სავალი ნაწილის ზედაპირი მოპირკეთდება ბუნებრივი ფლეთილი ქვით, ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყობა ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელი, გაზონები შემოიღობება ლითონის დეკორატიული ღობით და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, რომელი მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება, მოეწყობა 4-სმ სისქის დაწნეხილი ფილებით გაფორმებული ტროტუარი, სადაც განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და სასმელი წყლის შადრევნები, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად უკვე გამოცხადებულია ტენდერი. პროექტი, რომლის სატენდერო ღირებულება 5 363 393 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუროს სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოები დაახლოებით 7 თვე გაგრძელდება.