განცხადებები

დავით ჯიქიამ ახლად რეაბილიტირებული სპორტკომპლექსი დაათვალიერა

  • 2016-03-02
Image

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ახლად რეაბილიტირებული ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. ქალაქის მერი სპორტული დარბაზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მწვრთნელებს, სპორტსმენებს შეხვდა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სპორტკომპლექსის პირველი სართულის რეაბილიტაცია განხორციელდა. გარემონტდა ჰოლი, ადმინისტრაციული ოთახები, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები, ასევე, მთლიანად შეიცვალა ელექტროგაყვანილობა და მოეწყო მსაჯთა ოთახი.
სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციისთვის 267 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
აღნიშნული სპორტული ობიექტი 1979 წელს აშენდა. მას შემდეგ, მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობას პირველად ჩაუტარდა.
რუსთავის ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში რეგულარულად იმართება ტურნირები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ფუნქციონირებს ძიუდოს, უშუს, მკლავჭიდის, ძალოსნობის, მხატვრული ტანვარჯიშისა და კალათბურთის წრეები. სხვადასხვა სახეობაში, დარბაზში, ამჟამად 400 სპორტსმენი ვარჯიშობს.
2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავის მერია კიდევ რამდენიმე სპორტული დარბაზის კეთილმოწყობას გეგმავს. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანში, მოეწყობა 10 სპორტული მოედანიც.