რუსთავში, დამატებით 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, პრიორიტეტად კვლავ რჩება ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ თანხის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება სწორედ შიდა საუბნო სივრცეებისა და გზების რეაბილიტაციაზე.
,,დღეს რუსთავში სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათი ჯამური ღირებულება არის 80 მილიონი ლარი. ჩვენ დამატებით ვიწყებთ 14 მილიონი ლარის ღირებულების ახალ პროექტებს, რომელთა ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციაზე და მოწესრიგებაზე. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ვფიქრობთ, რომ ახალი ეტაპი ამის შესაძლებლობებს მოგვცემს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
აღნიშნული 14 მილიონი ლარით, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი დაიწყება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შიდა საუბნო სივრცეების მოწყობაზე ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩებს, ახალი გზის მშენებლობა მოხდება დოლიძის ქუჩის ახალ დასახლებაში, ჭყონდიდელის დასახლებაში 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი სკვერი გაშენდება.
ამ ეტაპზე რუსთავში ჯამში 80 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები 220 მისამართზე მიმდინარეობს. ახალი პროექტების განხორციელებას, რუსთავის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.