შიდა აუდიტის სამსახური წარმოადგენს შიდა აუდიტის განმახორციელებელ მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია ქალაქ რუსთავის მერის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს საგანგებოდ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია:
- მერიის საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისაკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;
- მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
- ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
- მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
- მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ზ) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
- შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება სისტემური, შესაბამისობის, ფინანსური, ეფექტიანობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახით;
- შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და ქალაქის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
- სამსახურის მიერ შემუშავებული და შიდა აუდიტორული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დროულ და შესაბამის შესრულებაზე უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება;
- საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება შემუშავებული პროცედურების შესაბამისად;
- მერიის სისტემაში სამსახურის კომპეტენციის გათვალისწინებით საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის და ქცევის ზოგადი წესების, მერიის შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი აქტების დაცვაზე სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დისციპლინური წარმოების ჩატარება;
- სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით მერიის სისტემაში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში სამსახურებრივი შემოწმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება და სამსახურებრივი შემოწმების/ინსპექტირების შედეგების ქალაქის მერისთვის წარდგენა;
- სამსახურებრივ გადაცდომათა და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისი რისკფაქტორების ანალიზი და მართვა;
- დისციპლინური გადაცდომის არსებობის ან არარსებობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის შედგენა;
- სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.