განცხადებები

ისტორია

რუსთავი – ძველი ქალაქი

 

 რუსთავის ტერიტორიის ათვისება შუა ბრინჯაოს ხანაში

რუსთავის ტერიტორიის ათვისება შუა ბრინჯაოს ხანაში, ძველი წელთარღიცხვით II ათასწლეულის I ნახევარში დაიწყო. ამ პერიოდში რუსთავში მდინარე მტკვრის მარჯვენა მდინარისპირა პლატოზე, ტომთა ერთ-ერთი გაერთიანების კუთვნილი პირველი  სამაროვანი გაჩნდა. ამ სამაროვნიდან მხოლოდ ერთი ნივთი არსებობს – წითლად გამომწვარი და შავად მოხატული ქოთანი, რომელიც ძველი წელთაღირცხვის  XVIII-XVII საუკუნეებით თარიღდება. 

2020 წელს, ქალაქის მარცხენა ნაპირზე რუსთავის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე გაითხარა ამავე პერიოდის -შუაბრინჯაოს ხანის ფინალური ეტაპის (XVII-XVI სს.) ქვაყრილიანი ორმოსამარხი. სამარხი მიეკუთვნებოდა 21-25 წლის ქალს, რომელსაც ჩატანებული ჰქონდა 9 სააღაპე თიხის ჭურჭელი: ხორცეულის,  ხორბლულის, მხალეულის, ნიგვზიანი და ქავნისაგან დამზადებული შეჭამნადებიანი სკვებებით. სამარხში, ასევე, დადასტურდა შეწირული ცხოველების,  ცხვრისა და მსხვილფეხა საქონლის ნაშთები.  ჩანს, რომ  შუაბრინჯაოს ხანიდან  რუსთავის ორივე ნაპირი ათვისებულია ადგილობრივი მოსახლეობით

გვიან ბრინჯაოს ხანაში – ძველი  წელთაღრიცხვით II ათასწლეულის II ნახევრიდან,  როცა სამხრეთ კავკასიაში რკინის მოპოვება – დამუშავება და ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის თანამდევი პროცესები დაიწყო, ეს ტერიტორიები უფრო ინტენსიურად აითვისეს. ახალი დასახლებები გაჩნდა მტკვრის ორივე ნაპირზე,  სადაც წყლის სიახლოვე, ნოყიერი ნიადაგი, თავდაცვისათვის ბუნებრივად შემოზღუდული გარემო და რბილი კლიმატი ხელსაყრელ საარსებო პირობებს ქმნიდა. ნასახლარები აღმოჩენილია “რუსთავის ციხის” გორაზე, მის მოპირდაპირედ, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ჩათმის მთაზე და სხვა. ამ პერიოდის ცალკეული სამარხებისა თუ სამაროვანთა გეოგრაფიაც საკმაოდ ფართოა. ამ პერიოდში მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობასა და სარწყავ მიწათმოქმედებას, განვითარებული იყო ხელოსნობის დარგები: მეთუნეობა, ლითონის, ტყავის, ხის  დამუშავება და სხვა.

რუსთავის წარმოშობა

XI საუკუნის მემატიანის, ლეონტი მროველის  მიხედვით, რუსთავი ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ცოლმა ააშენა, შემდგომ კი შვილს  – კუხოსს გადასცა, რომელმაც, ლეონტის აზრით, სათავე დაუდო ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ქართული ტომს –კუხებს. მისი მეორე ცნობის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობისას, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში , დიდ მცხეთასთან, ურბნისთან, უფლისციხესთან, სარკინესთან, კასპთან და სხვა ქალაქებთან ერთად უკვე რუსთავიც არსებულა. ამ მოსაზრების დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ იაღლუჯის მთასა და ცურტაველის ქუჩაზე აღმოჩენილი ძველი წელთაღიცხვით V-II საუკუნეების ნამოსახლარები და სამაროვნები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაოდაა დაცილებული, მაგრამ შესაძლოა ანტიკურ ეპოქაში რუსთავი, მცხეთის მსგავსად, სწორედ ცალკეულ, ურთიერთდაცილებულ უბნებად იყო გაშენებული.
ამ ვარაუდს ამყარებს მარცხენა ნაპირზე, მშენებელთა ქუჩასა და მდინარე მტკვრის ჭალაში, წყალსაქაჩთან აღმოჩენილი მოგვიანო ხანის (I-IV საუკუნეები.) ცალკეული სამარხები თუ ნასახლარები.  ასევე, ნამოსახლარი და სამაროვანი მარჯვენა ნაპირზე და ერთი სამარხი მარცხენა სანაპიროზე (III-IV საუკუნეები).

რუსთავი IV-XIII საუკუნეებში

როგორც წერილობითი წყაროები აღნიშნავენ (“ქართლის ცხოვრება“ და “მოქცევაი ქართლისაი”), IV საუკუნის ბოლოს ქართლის სამეფო ტახტისთვის ატეხილი დინასტიური დავის შემდეგ მირიან მეფის გარდაცვლილი  შვილის, რევის ცოლმა – სალომე უჯარმელმა და მისმა შვილებმა საგამგებლოდ კუხეთის საერისთავო და მისი ცენტრი – რუსთავი მიიღეს. მოგვიანებით გამეფებულმა მირიან მეფის შვილიშვილმა თრდატ რევის ძემ (383-395 წლები) რუსთავის (ყარაიას) ველების მოსარწყავად მტკვრიდან არხი “გამოიღო’.  არხმა განსაზღვრა რეგიონის სამეურნეო პროფილი და ქალაქის სახელიც კი. (რუს თავი – რუს, ანუ არხის სათავე). თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ თრდატმა აქ ჯერ კიდევ გვიან ბრინჯაოს ხანიდან არსებული, შედარებით მცირე არხი გააფართოვა და განაახლა. მანვე ააშენა ეკლესია და როგორც ჩანს, რუსთავის ციხეც.

რუსთავში განვითარებული იყო ხელოსნობის სხვადასხვა დარგები – მეთუნეობა, ლითონისა და მინის წარმოება, ვაჭრობა და სხვა. მოსახლეობა წერა – კითხვის მცოდნე იყო, რასაც ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული წარწერები საფლავის ქვებსა თუ თიხის ჭურჭელზე. IV-VIII საუკუნეების რუსთავს “ბოსტან-ქალაქსაც” უწოდებდნენ (“ვოსტან” – საუფლისწულო), რადგან ამ დროიდან ის რევიან უფლისწულთა რეზიდენციად და საუფლისწულო ქალაქად იქცა. რუსთავის დაწინაურებას ამ ფაქტორთან ერთად ხელს უწყობდა სავაჭრო გზების სიახლოვეც.
ციხე, ქალაქი და მისი სამაროვანი დღევანდელი სპორტის,  ფიროსმანისა და ბოსტან-ქალაქის ქუჩებს შორის მდებარეობდა და საინტერესო დაგეგმარება ჰქონდა. ქალაქის ცენტრში ეკლესია იყო აღმართული, ეკლესიის ეზოში დიდგვაროვანთა ნეკროპოლი მდებარეობდა და ქვის რელიეფებით დამშვენებული სტელები იდგა. ეკლესიისაკენ სწორხაზოვნად გაყვანილი ქუჩები მიემართებოდა, რომელთაც სავაჭრო რიგები მიუყვებოდა. აქ იყო მდიდრული საცხოვრებელი უბანი, გათლილი ქვისაგან ნაგები კაპიტალური შენობებითა და რიგით მოქალაქეთა უბრალო საცხოვრებლებით. მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქის ეს ნაწილი შემოზღუდული უნდა ყოფილიყო. (1953 წ. ციხის სიახლოვეს შემთხვევით გამოჩენილი მძლავრი 2,5 მ. სიგანისქვის კედელი, შესაძლოა ამ ზღუდის ნაშთი იყო). მეორე საცხოვრებელი უბანი  მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა, მტკვრიდან  დღევანდელი ვახუშტისა და გურამიშვილის ქუჩების ხაზამდე. ქალაქის მოსახლეობა 20 000 კაცზე მეტს შეადგენდა, ხოლო მისი საერთო ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარს მოიცავდა.
V-VIII საუკუნეებში რუსთავი საუფლისწულო ქალაქი და კუხეთის საერისთავოს ცენტრი იყო, V საუკუნიდან კი –საეპისკოპოსო ცენტრიც.              
735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად, რუსთავი დაინგრა და შემდგომში მხოლოდ მტკვრის მარცხენა ნაპირზე აგრძელებდა არსებობას. VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში ის კახეთის მთავარმა გრიგოლმა დაიკავა. კუხეთის საერისთავო გაუქმდა და კახეთს შეუერთდა.
IX საუკუნეში დაზიანებული ციხე აღადგინეს და მას ახალი, ძლიერი ზღუდე შემოარტყეს. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში სასახლე  აშენდა, რომელიც თავისი გეგმარებით სრულიად განსხვავებულია საქართველოს სხვა ცნობილი სასახლეებისაგან.
სინას მთაზე აღმოჩენილი X ს. ხელნაწერის მიხედვით რუსთავში IX საუკუნეში რუვისთაველთა (რუსთაველთა) საგვარეულო არსებობდა, რაც ამყარებს თვალსაზრისს შოთა რუსთაველის ამ ქალაქიდან წარმოშობის შესახებ.
IX საუკუნეში რუსთავი თბილისის საამიროს შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1068 წელს ის ალფ-არსლანმა აიღო. ქალაქი მეფე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. მისი სიკვდილის შემდეგ ის ჯერ ლიპარიტ ბაღვაშს ეკავა, შემდეგ კი კახეთის ქორეპისკოპოსს. XI საუკუნის 80-იან წლებში რუსთავი თურქ-სელჯუკების ხელში იყო. 1115 წელს ის დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა. ამ დროიდან რუსთავი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარეს, კვლავ გამოცოცხლდა საქალაქო მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგები, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა. მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები, აშენებდნენ ვენახს, ყვაოდა ხელოსნური დარგები – მეთუნეობა და მინის დამუშავება. ინტენსიურად ვაჭრობდნენ მეზობელ ქვეყნებთან. ადგილობრივი ფეოდალებისა და სამეფო მოხელეების გარდა მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა ეკლესიაც.  თამარ მეფის დროს რუსთავმა რამოდენიმე მფლობელი გამოიცვალა. ამ პერიოდში ციხე და მისი სასახლე კიდევ ერთხელ განაახლეს, უშუალოდ ქალაქს კი შედარებით მცირე ტერიტორია ეკავა, ვიდრე  VIII საუკუნეში.  
თავისი განვითარების ზენიტში, 1265 წ. ქალაქი საბოლოოდ განადგურდა ბერქა ყაენის შემოსევის შედეგად. ამიერიდან რუსთავი მთელი გვიან შუასაუკუნეების მანძილზე მხოლოდ მცირე დასახლება იყო, რომლის მოსახლეობაც ციხის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. რუსთაველმა ეპისკოპოსმა მარტყოფში გადაინაცვლა, თუმცა ისევ რუსთველად იწოდებოდა.

დაკნინების ხანა

XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსთავის შესახებ ცნობები თითქმის არ არსებობს. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე რუსთავში ერეკლე პირველმა საზამთრო რეზიდენცია მოიწყო.  ვახტანგ VI-ს, რომელმაც გამაჰმადიანებულ ერეკლეს, იგივე ნაზარ-ალი ხანს ეს სასახლე  დაუნგრია, კარგად ესმოდა რუსთავისა და ყარაიას ველის სამეურნეო – ეკონომიკური მნიშვნელობა. ამიტომ მან აღადგინა რუსთავის არხი, მაგრამ ქალაქის აღდგენა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, მცირერიცხოვანი მოსახლეობა რუსთავში მაინც დარჩა.
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოსა და მთელი კავკასიის შეერთების შემდგომ რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონში ფეხის მტკიცედ მოკიდების მიზნით აქტიური ქმედებები დაიწყო. დედოფალ მარიას და “კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” ინიციატივით 1865-67 წწ. ვახტანგ მეფის მიერ ადრე აღდგენილი, მაგრამ ახლა უკვე მოშლილი რუსთავის არხი განაახლეს და «Марииский канал» უწოდეს. ციხეზე მცირერიცხოვანი მომსახურე პერსონალი განთავსდა. როგორც ჩანს, ამავე დროს მდინარე მტკვარზე ხიდიც არსებობდა, რომელიც 1903 წელს ერთ-ერთ რუსულ რუკაზეა აღნიშნული. ადგილობრივი მოსახლეობა აღარ შემორჩა. ციხის სიახლოვეს მესაქონლეები დამკვიდრდნენ, რომლებიც ტერიტორიას საძოვრად იყენებდნენ, ციხეს კი “რიშ-ყალას” სახელით მოიხსენებდნენ. რუსთავის ნაქალაქარზე მხოლოდ ციხის ნანგრევები ჩანდა, ამიტომაც მკვლევარები მას “ნაგებს”  – ადრე აგებულს უწოდებდნენ. 1922 წელს რუსთავის ადგილას მხოლოდ ციხის ზღუდის ნაშთი და მცირე ზომის ეკლესია იყო შემორჩენილი. 
1926 წელს პავლე ინგოროყვას ნაშრომის – “რუსთაველიანას” გამოქვეყნების შემდეგ სამეცნიერო მიმოქცევაში დამკვიდრდა ციხის არასწორი სახელი – არიშის ციხე, რადგან მეცნიერი მას ჰერ არიშიანთა კუთვნილებად თვლიდა, რაც სინამდვილეში არასწორი მოსაზრებაა.


 მასალა მოწოდებულია : "რუსთავის ისტორიული მუზეუმის" მიერ

გამოყენებული ლიტერატურა:

ალექსიძე ზ. ახალი ცნობა რუვისთაველთა სახლის შესახებ. გაზ. `ლიტ. საქართველო~ 1991. #14
არჩვაძე თ.  ჩიკოიძე ც.  ჩხატარაშვილი მ. რუსთავში გათხრილი საერო სასახლე. კრებული რუსთავი III. თბ. 2005.
არჩვაძე თ: ჩიკოიძე ც; ჩხატარაშვილი მ; ჯანდიერი ე.  კუხეთის რუსთავი. კრებული `ძეგლის მეგობარი~ # 67. თბ. 1984.
Иващенко М.  Рустави. / Археологическая разведка. 1945 г./
Иващенко М.  Руставский могилъник /Археологические раскопки/ 1946 г.
Карта Кавказскаго военнаго округа. 1903г. Тифлисъ.   
ლომთათიძე  გ. რუსთავში წარმოებული არქეოლოგიური თხრის უმნიშვნელოვანესი შედეგები.   მსკა. ტ. I თბ. 1955.
პაჭიკაშვილი ნ. ქალაქ რუსთავის სამაროვნები. IV-IX სს. დამდეგი. ავტორეფერატი. თბ. 2006.
პაჭიკაშვილი ნ. რუსთავის ისტორია. რუსთავის ისტ. მუზეუმი. ხელნაბეჭდი. 2006.

ნ. პაჭიკაშვილი, ძველი რუსთავი, თბ. 2014 წ.
`რუსთავი~ კრებული. თბ. 1988.
`რუსთავი~ II. კრებული. გამომცემლობა `ინტელექტი~ თბ. 1998.
`რუსთავი~ III. კრებული. საქ. მეც. აკად. არქ. კვლევის ცენტრი. თბ. 2005.

ჭილაშვილი ლ. ქალაქი რუსთავი. თბ. 1958.

ხავთასი მ. საიდან მოვდივართ. რუსთავი 2008. საიუბილეო გამოცემა.
ჩხატარაშვილი მ. მინის ჭურჭელი რუსთავიდან. კრებული ძიებანი #4. თბ. 1999