რუსთავის პირველი, შვიდწლიანი შერეული სკოლა 1944 წელს გაიხსნა. დაწყებით კლასში ირიცხებოდა 4 მოსწავლე, ხოლო ზედა კლასებში — 7-8. სკოლაში მუშაობდა 5 პედაგოგი. 1948 წელს დაარსდა პირველი რვაწლიანი სკოლა (დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლა).
დღეს ქალაქში 26 საჯარო სკოლა, 20–მდე კერძო სკოლა, 2 ავტორიზებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, 1 სახელმწიფო პროფესიული გადამზადების ცენტრი და რამდენიმე კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს.
რუსთავის საჯარო სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ქალაქის საგანმანათლებლო სისტემას ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – რესურს-ცენტრი. იგი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. რესურს-ცენტრის მიზანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა.
ბოლო წლებში არსებითი ცვლილება განიცადა საქართველოს სახელმწიფოს პროფესიული განათლების პოლიტიკამ. შეიქმნა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლება შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისი სისტემა გახდა. მისი მიზანია დააკმაყოფილოს სწრაფად და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები. პროფესიული სწავლება ხორციელდება როგორც ფორმალური, ისე არაფორმარული განათლების მიღების გზით.